არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა

06/07/2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება ხაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ხაბაძე არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას და მისი გადაწყვეტილებაც სწორედ აღნიშნულს უკავშირდება.” „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად აქტიურად ჩავერთვები წინასაარჩევნო პროცესებში,”- აცხადებს ხაბაძე.
მისი თქმით, მთავრობის მმართველობის ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში რეგიონმა ყველა მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა.

„მაქსიმალურად ვიცავდით დემოკრატიულ პრინციპებს. აჭარის მთავრობა იყო ღია, გამჭვირვალე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველი და სამართლიანი. რეგიონული მმართველობის არც ერთ პერიოდში, მსგავსი წინსვლა ამ მიმართულებით აჭარას არ ახსოვს; უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით; აჭარის ეკონომიკაში 2013-2015 წლებში ჩაიდო 838 მილიონი დოლარის ინვესტიცია; განვითარდა ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ქალაქში, არამედ მთელი აჭარის მასშტაბით; სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტები კი საქართველოში ყველაზე წარმატებულად სახელდება; გაიზარდა აჭარის ტურისტული პოტენციალი და ტურისტული ნაკადების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია; განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ინვესტიციები განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში; მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსახლეობის სოციალური მომსახურებისა და დაცვის სტანდარტი“, – განაცხადა ხაბაძემ და დასძინა, რომ ის და თავისი გუნდი ამაყობს ზემოაღნიშნული მიღწევებით და ძალისხმევით, რომლებიც ხალხისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას ემსახურებოდა.

ხაბაძის თქმით, პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განაგრძოს ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში ყოფნა.

„მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის თავმდომარის პოსტის დატოვების შემდეგ, აქტიურად ჩავერთვები „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, წინასაარჩევნო პროცესებში, რათა გაგრძელდეს წინსვლა და განვითარება, რომელიც საქართველოში და აჭარაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო. მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის. მადლობა თქვენ ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისათვის, მადლობა ჩემი გუნდის წევრებს და ყველა საჯარო მოხელეს დაუღალავი შრომისთვის“ – განაცხადა ხაბაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალ თავმჯდომარეს წარმატება უსურვა.

გავრცელებული ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე შეცვლის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0