სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფერმერებს შეხვდა და ატმის კრეფისა და ჩაბარება/ რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, ცუდი კლიმატური პირობების მიუხედავად, წელს ატმის კარგი მოსავალია და არც რეალიზაციის პრობლემა არსებობს. ,,ქართული ხილის კომპანია“ 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზეა გადასული და ფასიც მისაღებია, 70-80 თეთრი. გარდა ამისა, გახსნილია 20-მდე მიმღები პუნქტიც, სადაც ჩაბარებული ატამი მანქანა-მაცივრებით პირდაპირ ექსპორტზე გადის.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ქ.გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.
მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის 4 ივლისის მდგომარეობით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 2193 ტონას შეადგენს, მაშინ როცა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 255 ტონა იყო.
ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთი ფედარაციაში (68%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (19%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. დაახლოებით 10 000 ტონამდე ატამი ადგილობრივ ბაზარზეა რეალიზებული.
4 ივლისის მონაცემებით, პირველი და მეორე ხარისხის (საექსპორტო/სარეალიზაციო) ვაშლატამას ფასი 50-დან 60 თერამდე, ხოლო ატმის 60 დან 90 თეთრამდე მერყეობს, ხოლო მესამე ხარისხის, გადასამუშავებელი ატმის/ვაშლატამას ფასი 25-35 თეთრია. ატმის/ვაშლატამას ფასს ბაზარი არეგულირებს.
,,ქართული ხილის კომპანია“ 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზეა გადასული
05/07/2016