არ მგონია, სესიაშვილს რამე ისეთი ეთქვა, რისი გათქმაც არ იყო შესაძლებელი

05/07/2016

რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის – რომ ყოფილი პრეზიდენტი მფარველობდა, ხელფასს უხდიდა საერთაშორისო ძებნილ აგენტს, თუ ის, რომ ამის შესახებ საიდუმლოება გაითქვა, – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ”სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, რომ დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო დაიკითხოს.

”როგორც ფიქრობთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის – რომ ყოფილი პრეზიდენტი მფარველობდა, ხელფასს უხდიდა საერთაშორისო ძებნილ აგენტს, ტერორისტს, ტერორისტებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ პირს, თუ ის, რომ ამის შესახებ საიდუმლოება გაითქვა. მე არ მგონია, რომ სესიაშვილს ეთქვა რამე ისეთი, რისი გათქმაც არ იყო შესაძლებელი და არ იყო კანონით დაშვებული. სხვანაირად შევხედოთ, რა არის უფრო მნიშვნელოვანი – ის, რომ სააკაშვილი თურმე, თუ ეს დადასტურდა, მფარველობდა და ხელფასს უხდიდა ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირს, ეს არ არის გაცილებით მნიშვნელოვანი?!” – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, არ შეიძლება დანაშაულს ჩადიოდეს ხელისუფლება და ”თუ ჩადის, ის არ უნდა იყოს საიდუმლო”.

”თუ კიდევაც არის საიდმულო, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ჩახედოთ კანონს, სადაც ნახავთ, რა გადაწონის აქ – საზოგადოებრივი სიკეთე, თუ საიდუმლოება”, – განაცხადა სუბარმა.

მინისტრი დაინტერესდა, თუ რომელი არასამთავრობოები ითხოვენ აღნიშნულს.

”ძალიან მაინტერესებს, რომელი არასამთავრობოები იყვნენ ესენი, ”ნაციონალური მოძრაობის” არასამთავრობოები, რომლებსაც კუდი აეწვათ, ისინი ითხოვენ?”, – განაცხადა სუბარმა.

ირაკლი სესიაშვილს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის“ დარღვევაში ადანაშაულებენ. საქმე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომლის თანახმადაც ახმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების დროს უშიშროების აგენტი იყო. აღნიშნული განცხადების გამო ირაკლი სესიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ შეიტანა. კუპრავა პროკურატურისგან დეპუტატის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0