მე არ ვაგებ, ვიგებ ან ვსწავლობ. ახლა მე ვისწავლე ბევრი რამ, მათ შორის საკუთარი სახელისუფლებო პარტიისგან და ვეცდებით, რომ ეს ნასწავლი გამოვიყენოთ ჩვენს მომავალ საქმიანობაში, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატმა გიგი წერეთელმა განუცხადა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში ავსტრიელ კანდიდატ კრისტინა მუტონენთან დამარცხდა.
“მთავარი ჩემთვის ერთი რამაა, რომ ეს ასამბლეა წარმატებით დასრულდა. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც აქ ჩამოვიდა, კმაყოფილია. მე მიხარია, რომ ჩემი ქვეყნისთვის ეს იყო კარგი ამბავი, შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი ამბავიც საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა სხვანაირად იფიქრა. მე ახლა არ დავიწყებ საქმის გარჩევას, ყველაფერი ვიცი. მე დღეს გამოვხატე ჩემი განწყობა, მივულოცე კანდიდატებს. დიდი მხარდაჭერა მქონდა, მეორე ტური გაიმართა. სამწუხაროდ, ბევრი ჩემი მხარდამჭერი გუშინ წავიდა – აშშ-ს, გერმანიის და სხვა დელეგაციებიდან, მათ მოუხდათ რეისების გადაცვლა. ამიტომ მე ვიცოდი, რომ მეორე ტური რთული იქნებოდა. ამას დაემატა გარკვეული სამუშაო, რომელმაც როგორ იმოქმედა, ამის ანალიზს გავაკეთებ, მაგრამ ჩემთვის მთავარია რეზოლუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ასამბლეა, რომელიც ჩავატარეთ”,- განაცხადა წერეთელმა.
წერეთლის თქმით, ის დღეს არ ისაუბრებს იმ ქმედებებზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” განახორციელა მისი კანდიდატურის წინააღმდეგ”.მისივე თქმით, ის თავის გეგმებზე უარს არ ამბობს და არ გამორიცხავს, ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე მომავალშიც იყაროს კენჭი.
“არავის გავუსწორებ ანგარიშს, უბრალოდ, გარკვეულ შეფასებებს ეტაპობრივად გავაკეთებთ. ეს საკითხი როგორც ერთ-ერთი ქრესტომათიული მაგალითი შევა ამ ასამბლეის ისტორიაში, შეიძლება სხვაგანაც, როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება”, – განაცხადა წერეთელმა.