საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვიცე-პოლკოვნიკ გიგა ავალიანის მეუღლესა და ქალიშვილს უმასპინძლა. თინათინ ხიდაშელი პატარას გაესაუბრა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და აცნობა, რომ მამას, მაიორ გიგა ავალიანს ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
33 წლის ვიცე-პოლკოვნიკი გიგა ავალიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1999 წლიდან მსახურობს.
სამხედრო კარიერის განმავლობაში მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული: გენერალ მაზნიაშვილის, გენერალ კვინიტაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უწყებრივი მედლები და მედალი „ლომგული“. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო – ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი კი ISAF-ის მისიაში გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის გადაეცა.
გიგა ავალიანი 9 წლის იყო, როდესაც აფხაზეთი დატოვა, როგორც თავად ამბობს, სწორედ, ამ ფაქტმა განაპირობა მისი არჩევანი – ემსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამჟამად, ვიცე-პოლკოვნიკი გიგა ავალიანი ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 52-ე ბატალიონის მეთაურის რანგში მსახურობს.
მას მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი ყავს.
სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებთან შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ.