დავით ბაქრაძე ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციას შეხვდა

05/07/2016

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციასთან მიხილ სერვაესის (ლეიბორისტული პარტიის სპიკერი საგარეო საკითხებზე) ხელმძღვანელობით.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს. სახელმწიფო მინისტრმა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ასოცირების სამოქმედო გეგმა არის საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქვეყნის განვითარების განხორციელების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის საკითხს. აღინიშნა ის პროგრესი და ხარისხი, რაც დააფიქსირა საქართველომ სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში და ხაზი გაესვა აღნიშნული შედეგების ჯეროვნად ასახვის მნიშვნელობას ევროკავშირის გადაწყვეტილებებში.
შეხვედრაზე, საუბარი, ასევე შეეხო რეგიონში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. ნიდერლანდების დელეგაციის წევრებმა, რომლებმაც წინა დღით საოკუპაციო ხაზი მოინახულეს, კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0