მიხეილ ჯანელიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

04/07/2016

2016 წლის 4 ივლისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან დარკო პაიოვიჩთან, რომელიც საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში სტუმრობს.

მიხეილ ჯანელიძემ მონტენეგროს მიულოცა ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური მიწვევის მიღება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს ალიანსის ღია კარის პოლიტიკის სანდოობას და დამატებით სტიმულს აძლევს საქართველოს ნატოსთან დაახლოებისკენ მიმართული ძალისხმევის გასაძლიერებლად. დარკო პაიოვიჩის განცხადებით, ნატოში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს, მონტენეგროს სახით, ეყოლება კიდევ ერთი მტკიცე მხარდამჭერი ალიანსში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საერთო მიზანი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების კარგ საფუძველს ქმნის. ხაზი გაესვა ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის არსებულ პოტენციალს და მისი გამოყენების აუცილებლობას.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა დარკო პაიოვიჩს მონტენეგროს მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოსა და მონტენეგროში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის გააქტიურდება თანამშრომლობა და გაიზრდება მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0