საქართველოზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება

04/07/2016

ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი არის შესანიშნავი პლატფორმა საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების გასაწევად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის დღის წესრიგთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების გაწევაზე ალიანსის წარმომადგენლები ვარშავის სამიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.

„ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ამ სხდომაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას გამოვუცხადებთ მხარდაჭერას. ასევე ვისაუბრებთ, თუ რა გზით შეგვიძლია პრაქტიკული დახმარების გაწევა საქართველოსთვის. რამდენიმე თვის წინ ვესწრებოდი ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნას. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი პლატფორმაა საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების გასაწევად. ჩვენ გავმართავთ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა წარმომადგენლებთან და ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია თანამშრომლობა ჩვენს ახლო პარტნიორთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთაშორისო მისიებში და განსაკუთრებით ავღანეთში.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო ძალიან აქტიურად მონაწილეობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ამას აკეთებს, რადგან საქართველოზე გარედან „სერიოზული ზეწოლა“ ხორციელდება.

„ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს, გააძლიეროს თავისი თავდაცვიუნარიანობა და პოტენციალი, გარე ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რადგან გარედან საქართველოზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ჩრდიალოატლანტიკური ალიანსის სამეზობლოს სტაბილურობა ნატო-ს უსაფრთხოებას ზრდის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0