ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, დღეს რიტუალების სახლში მუსლიმი მრევლისთვის იფთარი (ტრაპეზი) გაიმართა. რამაზანის თვე მუსლიმ მორწმუნეებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოგი მეშველიანთან ერთად მიულოცა. იფთარს ადგილობრივი მუფთები და მზიან საქართველოს მუფთი იასინ ალიევი ესწრებოდნენ.ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს ძვირფასი რამადანის თვე, ისაუბრეს ამ წმინდა თვის განსაკუთრებულ თვისებებზე, მარხვის და ღვთისმსახურებების მნიშვნელობებზე.
რამადანის თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. მძიმე მარხვის პერიოდი მუსლიმებისთვის რამაზან-ბაირამის დღესასწაულით 5 ივლისს დასრულდება.
,,პირველ რიგში მინდა ყველა მუსლიმს წმინდა რამაზანის თვე მივულოცო. ჩვენ ყველა ერთ მიწა-წყალზე გავიზარდეთ.ბოლნისი არის მუნიციპალიტეტი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობით, განსაკუთრებული ურთიერთობით ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის. დღევანდელი დღეც ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ ქრისტიანები პატივს ვცემთ ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების რწმენასა და ტრადიციებს. ჩვენს შრომისმოყვარე მაცხოვრებლებს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მუსლიმებს იფთარის სუფრით უმასპინძლა
02/07/2016