არც ისეთი ჯადოქრები ვართ

01/07/2016

საქართველოს ვიზალიბერელიზაციის საკითხი ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის გადასაწყვეტი რომ იყოს, ერთ საათში მიღებულ გადაწყვეტილებას ჩაგაბარებდით – ასეთია განწყობა ჩვენი კოლეგა პარლამენტარების, ვინც საქართველოში ჩამობრძანდა, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ილკა კანერვასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ერთობლივი პრესკონფერენცია მათ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის გახსნის წინ გამართეს.

“იგივე განწყობა ბრიუსელში ვნახე, სადაც ორი დღის წინ ვიყავი. საუბარი გვქონდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელთან. ევროპული საბჭოს თავმჯდომარესთან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ასევეა განწყობილი. არ არსებობს არანაირი ხელშემშლელი პირობა არც საქართველოს მხრიდან და არც სხვების მხრიდან, გარდა იმ ფაქტორისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროსტრუქტურებში არ განიხილება ვაკუუმში, იზოლირებულად მიმდინარე ცხოვრებისგან. ეს მიმდინარე ცხოვრება შედგება ხან ჩვენთვის უფრო სასარგებლო მოვლენებისგან, ხან – არც თუ სასარგებლო მოვლენებისგან. რეფერენდუმი ბრიტანეთში აღმოჩნდა ერთი კონკრეტული მოვლენა, რომელმაც უკვე დანიშნული საკომიტეტო მოსმენების გადადება გამოიწვია. ილკა კანერვამ ბრძანა, რომ საქართველომ ჯადოსნული ნაბიჯები გადადგა და მოახერხა პრაქტიკულად წამოუდგენელი წარმატების მიღწევა, მაგრამ არც ისეთი ჯადოქრები ვართ, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში ყველაფერი საჩვენოდ წავიყვანოთ ამ პროცესში. ჩვენი ოპტიზმი რეალურია, დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე და უახლოეს ხანებში პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა“, – განაცხადა უსუფაშვილმა ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დასმული შეკითხვის პასუხად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0