ვფიქრობ, რომ კვლევებით სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს

01/07/2016

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა განაცხადა, ამერიკა იყო და არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი.
„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის უმთავრესი მხარდამჭერია და რა წარმატებებსაც მივაღწიეთ ძალიან ბევრ სფეროში, იყო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით. დღესაც გრძელდება ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორული მხარდაჭერა უამრავ სფეროში, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ეს ყველაფერი ქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს და მივულოცო დამოუკიდებლობის 240 წლის იუბილე,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ და იგი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერად შეაფასა.
„ეს ვიზიტი წინასწარ დაანონსებულია და საბოლოო დეტალებზე დღეს ვერ გეტყვით. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. დეტალები ვიზიტის შესახებ დაზუსტდება და გამოცხადდება. ჩვენ რა თქმა უნდა დიდი სიხარულით ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის ვიზიტს, იმიტომ რომ ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი დადასტურება ნატოს სამიტის წინ აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მყარი მხარდაჭერის”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ შიდა პარტიული კვლევების შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია არ აპირებდა კვლევების გამოქვეყნებას.
„საერთოდ ვფიქრობ, რომ კვლევებით სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს. ძალიან ხშირად, წინა გამოცდილებით ვნახეთ, რომ ეს კვლევები აცილებულია რეალურ შედეგს. ჩვენ გვქონდა შიდა კვლევები, საერთოდ არ ვაპირებდით ამის გამოქვეყნებას, მაგრამ გაკეთდა განცხადებები, თითქოს ჩვენ გვეშინია კვლევების გამოქვეყნების, ამიტომ იძულებული გავხდით, გამოგვექვეყნებინა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ყველა პარტია მუდმივ რეჟიმში ატარებს სოციოლოგიურ კვლევას და ეს არ ეხება მხოლოდ საარჩევნო პროცესს, ეს ეხება ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, თუ როგორ აისახება ეს საზოგადოებრივ აზრზე. ეს არის ნორმალური პროცესი, რომელიც ხდება ყველა ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი აღქმა და ეს აღქმა ემყარება ძალიან ბევრ შეხვედრას, საჯარო შეხვედრებს, ქვეყნის რეგიონებში ძალიან აქტიურ მუშაობას და ჩვენ შიდა კვლევებს. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მოვიპოვებთ აბსოლუტურ უმრავლესობას. ვნახოთ, რა რაოდენობაში იქნება ეს გამოხატული, მაგრამ ჩვენ მყარ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. მთავარია ერთი რამ – არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და დაფიქსირდეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოს დემოკრატიზაციის“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0