დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმში, გმირთა ხეივანში შპს „დარ ბილდინგის“ სასტუმრო “Dar Tower”-ის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 411 ნომრიანი სასტუმრო და ასევე საცხოვრებელი აპარტამენტები, კაზინო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, „ლაუნჯი“, ბარი, ჩაის სახლი, ყავის სახლი, გასართობი ცენტრები, ბოულინგ-ცენტრი, საბავშვო ბაღი, სავაჭრო ცენტრი, სპა-ცენტრი, ღია და დახურული აუზი, სარეკრიაციო ზონა, სასეირნო ბილიკები და მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა.
პროექტით არანაკლებ 22 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 150 ადამიანია დასაქმებული, მშენებლობის დასრულების შემდეგ მათი რაოდენობა 300-მდე გაიზრდება. სასტუმრო ექსპლუატაციაში 2020 წელში შევა.
გმირთა ხეივანში ეს უკვე მეორე საინვესტიციო პროექტია. მალე კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. ხეივანში დამატებით 5 მიწის ნაკვეთით ინვესტორები დაინტერესდნენ და ქონება გამოტანილია ელექტრონულ აუქციონზე.
გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანში არსებული 3ჰა ტერიტორია 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.
კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსებაა შესაძლებელი.
გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
არჩილ ხაბაძემ ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
30/06/2016