არის მიზეზები რის გამოც უმრავლესობამ ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილს მხარი არ დაუჭირა

29/06/2016

არის საკითხები, რომელიც ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურებს უკავშირდება, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ პარლამენტს ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად არ აერჩია, – ამის შესახებ prof-news-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი აღნიშნულ მიზეზებზე ვრცლად საუბრისგან თავს იკავებს და ამ ეტაპზე ვერც იმას აკონკრეტებს, რა პერსპექტივა გააჩნიათ მათ, როცა, პრეზიდენტმა მათი კანდიდატურები პარლამენტს ასარჩევად ხელახლა წარუდგინა.

ამასთან დაკავშირებით, ვოლსკი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურებზე ხელახლა გაიმართება კონსულტაციები.

გია ვოლსკის შეფასებით, ანა დოლიძე „მშვენიერი კადრი და მშვენიერი პროფესიონალია“, მაგრამ მას სასამართლოში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რის გამოც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე მხარი არ დაუჭირეს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად ნანა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურებს ხელმეორედ სთავაზობს.

”დღეს ხელახლა, იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც გამაჩნია, წარვადგენ ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურებს. ეს არის მათთან შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილება” , – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ორი დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, მხედველობაში მიიღოს უზენაესი სასამართლოში არსებული პრობლემები და მხარი დაუჭიროს მის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0