მერაბ კოსტავას ქუჩაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ტენდერში გამარჯვებული შპს ,,რეკო“ ქვაფენილის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე ქუჩაზე არსებული ასფალტის საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოებს წინ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება უძღოდა. კანალიზაციის ქსელის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ცხაურის მოწყობა სანიაღვრე სისტემისათვის.
ქუჩის მოპირკეთების სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რომელიც სამი თვის ვადაში უნდა დასრულდეს.
ინფრასტრუქტურული პროეტის დაწყება დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა პირველ მოადგილესთან ერთად მოინახულა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
,,ბოლნისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო. სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის გადაკვეთიდან მთელ კოსტავას ქუჩაზე მიმდინარეობს ძველი საფარის დემონტაჟი. შესაბამისი სამუშაოების შემდეგ მოეწყობა ქვაფენილი. პროექტის შესრულების ვადად მშენებელს სამი თვე აქვს განსაზღვრული. სექტემბრის ბოლოს უკვე ახალი საგზაო მონაკვეთი გვექნება. გზის მოპირკეთების შემდეგ, ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური“ მიხედავს ტროტუარებს, რომელიც იქნება შესაბამისად გამწვანებული.
აღნიშნული პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. გარდა ამ მონაკვეთისა, ჩვენ ვაპირებთ, რომ კოსტავადან ასათიანის ქუჩის ჩათვლით ყველა დამაკავშირებელი ქუჩა მოასფალტდეს და შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის ეს კვარტალი მთლიანად მიიღებს საბოლოო სახეს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
სექტემბრის ბოლოს მერაბ კოსტავას ქუჩა ბაზალტის ქვაფენილით მოკირწყლული იქნება
27/06/2016