დასანანია, რომ ბრიტანეთმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს მათი სუვერენული არჩევანია და მას ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
„მიუხედავად ასეთი გადაწყვეტილებისა, ბრიტანეთმა და მთელმა მსოფლიო თანამეგობრობამ პროცესების შესაბამისი ანალიზი უნდა გააკეთოს და ამ სიტუაციიდან ევროკავშირი პირიქით, უფრო გაძლიერებული უნდა გამოვიდეს“, – განაცხადა დავით ზალკანიანმა.
მისი თქმით, რუსეთი შეეცდება, ევროსკეპტიკური განწყობები გააძლიეროს, მაგრამ ევროკავშირმა ამას ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიცია უნდა დაუპირისპიროს.
„მსოფლიო თანამეგობრობაში ევროკავშირი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა და ევროსკეპტიკოსთა განცხადებები, რომ ევროკავშირი დასრულდა, ნაადრევია. რუსეთი შეეცდება, ევროსკეპტიკური განწყობები გააძლიეროს, მაგრამ ევროკავშირმა ამას ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიცია უნდა დაუპირისპიროს. გამოსავალი გაერთიანებაში და ერთმანეთის გვერდით დგომაშია“, – განაცხადა ზალკანიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირში მიმდინარე პროცესები საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის ხელისშემშლელი არ იქნება.
„დარწმუნებული ვარ, პროცესები ჩვენთვის ხელსაყრელი სცენარით განვითარდება. მთელი ჩვენი დიპლომატიური რესურსი მობილიზებულია. 24 საათის განმავლობაში, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი ევროპელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმშია. ეს კოორდინირებული თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია და საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს არავითარი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ზალკანიანმა