ცესკოს თავმჯდომარე სტუდენტებს შეხვდა

24/06/2016

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს სტუდენტებს შეხვდა. მან ახალგაზრდებთან საქართველოს არჩევნების ისტორიაზე, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების თავისებურებებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე, გამოწვევებზე და 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, აგრეთვე საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდგომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ცესკოში განთავსებული ისტორიული ფოტო გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც ქვეყნის საარჩევნო ისტორიას ასახავს. „არჩევნები – ერის შემოქმედი“ მუდმივმოქმედი გამოფენაა, სადაც საქართველოს საარჩევნო ისტორიის უნიკალური მასალაა წარმოდგენილი და 1918-2008 წლების პერიოდს მოიცავს.
სტუდენტებს დღეს ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებიც შეხვდნენ. თითოეულმა მათგანმა ახალგაზრდებს, საკუთარი დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.
სტუდენტები, რომლებიც დღეს ცესკოში იმყოფებოდნენ, ცესკოს სწავლების ცენტრის იურიდიული კლინიკის პროგრამის მერვე ჯგუფის წარმომადგენლები არიან. იურიდიული კლინიკის ფორმატში შემუშავებულ სასწავლო კურსში მონაწილეობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები იღებენ. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებში აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას საარჩევნო სამართლის დარგში, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. სწავლების ცენტრი აღნიშნულ სასწავლო კურსს სხვა პარტნიორ უნივერსიტეტებშიც ახორციელებს. საერთო ჯამში იურიდიული კლინიკის ფორმატში სწავლება ამ დრომდე 179 -მა სტუდენტმა გაიარა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0