სოფელ დვაბზუში სახალხო დღესასწაული გაიმართა

24/06/2016

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც სოფლების სახელობითი დღესასწაულების დაწესებას გულისხმობს, სოფელ დვაბზუში სახალხო დღესასწაული გაიმართა.
„დვაბზუობის“ დღესასწაული დღეიდან ყოველწლიურად 23 ივნისს აღინიშნება.
სახელობით დღესასწაულების დროს მოხდება სოფლის საპატიო მაცხოვრებლების გამოვლენა და ადგილობრივი, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების სტიმულირება. მოეწყობა ადგილობრივი ფოლკლორულ – ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და მოწვეული საესტრადო მომღერლების კონცერტები.
„დვაბზუობის“ დღესასწაულზე სოფლის ცენტრში „თეატრალური კვარტეტის“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში ადგილობრივი ანსამბლები: „ურეკი,“ „კოლხა,“ „ზენაარი,“ „ ბალავარი,“ „აისი,“ „შემოქმედი,“ და „იადონი“ მონაწილეობდნენ. სტუმრის სტატუსით მაყურებლის წინაშე პოდმოსკოვიეს ირინა ზაიცევას სახელობის ქორეოგრაფიული სკოლის მოცეკვავეებიც წარსდგნენ.
ღონისძიების ბოლოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დვაბზუს საპატიო მაცხოვრებლები დააჯილდოვა. სპეციალური სიგელი და ფულადი ჯილდო დამსახურებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის გადაეცა დარეჯან დათუნაიშვილს, სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის – მერი გომართელ-რადიანს, ხოლო მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწის წოდება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე ნაყოფიერი საქმიანობისა და სოფელ დვაბზუს წარმოჩენის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თამაზ გობრონიძეს მიენიჭა.
ღოისძიებას გურიის გუბერატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – დავით დარჩია, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
სახალხო დღესასწაული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0