სოფელ ნახიდურის თემში მცხოვრები ფერმერები კარტოფილის ბიზნესს წლებია ეწევიან, ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა. როგორც თავად ამბობენ, კარტოფილის მოყვანა ძვირი ჯდება, ამიტომ სესხის აღება უწევთ, მიღებული პროდუქციის რეალიზება კი უძნელდებათ. ფერმერები დახმარების თხოვნით დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი მეშველიანს შეხვდნენ და იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც საადრეო კარტოფილის რეალიზაციაში ხელი ეშლებათ. ისინი მიზეზად თურქეთიდან შემოტანილ პროდუქციას ასახელებენ, რომლის ფასიც ძალიან დაბალია. მუნიციპალიტეტის გამგებელი კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარებას დაჰპირდა.
“როგორც ირკვევა, ჩვენს ფერმერებს გარკვეული პრობლემები აქვთ საადრეო კარტოფილის მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ეს პრობლემა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც გაცილებით დაბალი ხარისხის დიდი რაოდენობის თურქული წარმოების კარტოფილი შემოვიდა ჩვენს ბაზარზე და გარკვეულ წილად დაიკავა მათი კუთვნილი სეგმენტი. ჩვენ ამ პრობლემის შესახებ გვქონდა კომუნიკაცია როგორც სამხარეო ადმინისრაციასთან, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ცხადია ჩვენ ვართ რიგი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილეები, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაწილეებიც, რომლებიც გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის რეჟიმთან დაკავშირებით. ჩვენი უწყებები საერთაშორისო ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მივიღებთ შესაბამის ზომებს იმისათვის, რომ ჩვენს ფერმერებს დავეხმაროთ თავიანთი პროდუქციის რეალიზებაში”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
ფერმერებს გარკვეული პრობლემები აქვთ
21/06/2016