მეხანძრეებსა და მაშველებს სოციალური გარანტიები უწესდებათ

21/06/2016

მეხანძრეებსა და მაშველებს სოციალური გარანტიები უწესდებათ. “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები არის განხორციელებული რეფორმის ლოგიკური გაგრძელება. მისი თქმით, ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების შემდეგ, პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა, რამდენადაც იგი არის სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.

კანონპროექტის ნოვაციას წარმოადგენს სააგენტოს მოსამსახურეთა ფუნქციის მიხედვით მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა პირად შემადგენლობად და სამოქალაქო შემადგენლობად დაყოფა. შემადგენლობების მიმართ განისაზღვრა განსხვავებული სამართლებრივი სტატუსი, ფუნქცია-მოვალეობები და მარეგულირებელი ნორმები.

რეგულაცია ასევე ითვალისწინებს მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა დისციპლინური გადაცდომებისა და წახალისების მომწესრიგებელ ნორმებს. წახალისების ფორმებს ემატება მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა.

კანონპროექტის სიახლეა ისეთი სოციალური გარანტიის დაწესება, როგორიცაა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მეხანძრე-მაშველისა და მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, ერთჯერადად 100 000 ლარის ოდენობის კომპენსაციისა და დაკრძალვის ხარჯის 500 ლარის გარანტირებულად გადაცემა.

“აღსანიშნავია, რომ მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა საქმიანობა თავისი არსით წარმოადგენს მომეტებული რისკის შემცველ პროფესიას. შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი საქმიანობისთვის საჭირო უსაფრთხო პირობები, ასევე ისეთი სოციალური დაცვის გარანტიები, რომელიც ადეკვატურად პასუხობს მათ მიერ გაწეულ სამსახურს. სახელმწიფოს მიერ საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფისთვის, აუცილებელია სახანძრო და სამაშველო ღონისძიებების უშუალო მონაწილე პირებისათვის შეთავაზებული იყოს ისეთი გარანტიები, რაც მათი მოტივაციის ამაღლებასა და დაკისრებული სამუშაოს სრულფასოვნად შესრულებას შეუწყობს ხელს“, -განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე მსჯელობის საგანი გახდა კანონის ამოქმედების ვადა და უკუქმედების ძალა, რადგან მინისტრის მოადგილის განცხადებით, სოციალური გარანტიები გავრცელდება მხოლოდ 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ. კომიტეტს მიაჩნია, რომ სოციალური დაცვა იმ პირებზეც უნდა განხორციელდეს, რომლებიც 2017 წლამდე დაიღუპნენ სამაშველო, სახანძრო ან საავარიო-სამაშველო სიტუაციების დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

აღნიშნულ საკითხზე უფრო საფუძვლიანი მსჯელობისთვის, კომიტეტი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ელოდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0