შსს-ს შეფასებით, სექსუალურ შევიწროებაზე საკანონმდებლო ინიციატივა პრაქტიკაში რთულად აღსასრულებელი იქნება

17/06/2016

შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნორმა, რომლის შემოღებაც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტით იგეგმება, პრაქტიკაში შესაძლოა გამოუყენებელი აღმოჩნდეს.

როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა ზვიად ოქროპირიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენით განიხილეს, პოლიციის თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული სამართლადარღვევის გამოკვეთა რთული იქნება.

ოქროპირიძის შეფასებით, პროექტი ძალიან ბევრ ბუნდოვანებას შეიცავს.

“ზოგადად, კანონპროექტის სულისკვეთებას ვიზიარებთ და ვხედავთ პრობლემას, მაგრამ სერიოზულ პრობლემას ვხედავთ აღსრულების და მისი პრაქტიკაში განხორციელების კუთხით. კერძოდ, პრობლემურ საკითხად გვესახება ე.წ. სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, ფიზიკური ან სხვაგვარი ქცევის დეფინიცია. ამის საკანონმდებლო დეფინიცია არ გვაქვს. ეს ფართო ინტერპრეტირების საშუალებას და სუბიექტური აღქმის შესაძლებლობას იძლევა. ვფიქრობთ, პროექტი ბუნდოვანია და, ამ მხრივ, პრაქტიკაში ბევრი პრობლემა იქნება. გარდა ამისა, ქცევის და ქმედების კუთხით ნათლად განჭვრეტადი არ არის. პოლიციელთა მხრიდან მიზანიც რთული დასადგენი იქნება, რამდენად გამოიწვია ასეთმა ქმედებამ, რომლის დეფინიციაც არ ვიცით, პირის ღირსების შელახვა და დამამცირებელი გარემოს შექმნა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საკომიტეტო განხილვისას.

პროექტის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი, დეპუტატი თამარ ხიდაშელი შსს-ს დაეთანხმა, რომ უწყებას აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევაზე რეაგირების საქმეში შესაძლოა სირთულე შეექმნას, თუმცა აქვე განმარტა, რომ კანონის დონეზე ვერ დაკონკრეტდება, რომ “სექსუალური ხასიათის ქცევა შეიძლება იყოს ჩქმეტა, ბრწკენა, ხელის მოთათუნება, უწმაწური ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ვიდეო გაგზავნა და ასე შემდეგ“.

“ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს თუ რა არის საზოგადოებაში მიღებული, როგორია აღქმა და რა ითვლება სექსულაური ხასიათის ქცევად“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

სექსუალური შევიწროება, მათ შორის დასაქმების ადგილზე – შრომითი ურთიერთობების დროს, შესაძლოა ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდეს.

ამასთან დაკავშირებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ორი ახალი მუხლი ემატება. კანონპროექტი “რესპუბლიკელმა“ დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და თამარ ხიდაშელმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

პროექტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი და ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევას ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.

პროექტით პასუხისმგებლობა მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარმღვევი სექსუალურ შევიწროვებას მასზე სამსახურეობრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2500 ლარის ოდენობით დასჯადი იქნება.

“ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსს“ ცალკე მუხლად ემატება “სექსუალური შევიწროება“, რაც გულისხმობს, სექსუალური ხასიათის ნებისმიერ არასასურველ სიტყვიერ ან ფიზიკურ ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ქმედების ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში გამეორება – პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0