მცხეთაში ახალი სასტუმრო გაიხსნა

14/06/2016

ორმოცამდე ადამიანი დასაქმდება მცხეთაში „ჯინო ჰოლდინგის” ახალ სასტუმროში, რომლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. მცხეთაში ასევე იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და სხვა ოფიციალური პირები.
სასტუმრო “ჯინო ველნეს მცხეთა“ ევროპული ბრენდის, „ჯინო ჰოლდინგის” პროექტია, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა წარმოდგენილი. სასტუმროში განთავსებულია 46 საწოლიანი 22 სასტუმრო ოთახი, საკონფერენციო დარბაზი 100 კაცზე, პანორამული ლიფტი, რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ველნეს-სპა განყოფილება, ღია აუზი, ეზო-ბაღი “ოაზისი”, ტერასა ჯაკუზი 70-80 კაცზე და ა.შ. სასტუმროს ასაშენებლად 1 473 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.
„ჯინო ჰოლდინგისთვის“ ეს არის უკვე მეოთხე ობიექტი. ძალიან წარმატებული პროექტია. მე მინდა მივულოცო მცხეთელებს, მივულოცო ყველა ჩვენს სტუმარს კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ლამაზი სასტუმროს შემატება. აქ არის ველნესის ნაწილიც – სასტუმროში შესაძლებელია დასვენებაც და განსაკუთრებული გამაჯანსაღებელი პროცედურების მიღებაც. მინდა მთელი გულით მივულოცო დამფუძნებლებს და მენეჯმენტს წარმატება. მხოლოდ თავდაუღალავი შრომით არის შესაძლებელი ის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღოთ ხოლმე ისეთი პროდუქტი, რომელსაც დღეს აქ ვხედავთ“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„ჯინო ველნეს მცხეთას” ინვესტორის, ბიზნესმენ ნოდარ გიორგაძის განცხადებით, კომპანია საქართველოში მომავალშიც ასევე აქტიურად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. კომპანიის საინვესტიციო პორტფოლიოში უკვე არის რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი, მათ შორის – ბაკურიანის დასასვენებელი გასართობი ცენტრის მშენებლობა, საქართველოს კემპინგების ქსელის მშენებლობა და განვითარება და თბილისის ზღვაზე, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიებზე მწვანე ეკოქალაქის მშენებლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0