თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში, რაც დაკავშირებულია მის სამსახურებრივ საქმიანობასთან, ნიკა ბაიაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მესამე ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ირაკლი სარალიძე იმყოფებოდა ქ. თბილისში, მეტროპოლიტენის სადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მას თავს დაესხა დანით შეიარაღებული ნიკა ბაიაშვილი. დადგინდა, რომ ირაკლი სარალიძე არ იცნობდა თავდამსხმელს და შესაბამისად მასთან არანაირი უთანხმოება არ გააჩნდა. ნიკა ბაიაშვილის თავდასხმის მიზეზს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ირაკლი სარალიძე იყო პოლიციის ფორმით და ასრულებდა თავის მოვალეობას, რის გამოც სიცოცხლის მოსპობის მიზნით დანით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა კისრის, ზურგისა და სხეულის სხვადასხვა არეში. ნიკა ბაიაშვილი სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს, ირაკლი სარალიძე კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.
მოსამართლემ ნიკა ბაიაშვილს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
10/06/2016