საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში 2016 წლის 8 ივნისს შეხვედრები გამართა აშშ-ს კონგრესის ორივე პალატაში. გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის წევრსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, კონგრესმენ მაიკლ ტერნერთან (რესპუბლიკელი-ოჰაიო). შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი და ამ კუთხით აშშ-ის კონგრესის აქტივობის მნიშვნელობა.
2016 წლის 9 ივნისს შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის შეხვედრები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარეებთან, სენატორ ბობ კორკერთან (რესპუბლიკელი-ტენესი) და ბენჯამინ კარდინთან (დემოკრატი-მერილენდი), სენატორ ჯინ შაფინთან (დემოკრატი-ნიუ-ჰემპშირი), სენატორ რონ ჯონსონთან (რესპუბლიკელი-ვისკონსინი), აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის, ევრაზიისა და საფრთხეების ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან, კონგრესმენ დანა რორაბახერთან (რესპუბლიკელი-კალიფორნია).
შეხვედრებისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და მათ დასაძლევად აშშ-ის ძალისხმევის მნიშვნელობას.
ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ძლიერ მოკავშირეობას, საქართველოსადმი აშშ-ს დიდ მხარდაჭერასა და რუსეთის აგრესიული და უკანონო ქმედებების დაუშვებლობას, ყურადღება გაამახვილა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საქართველოს მნიშვნელოვან როლსა და კონტრიბუციაზე, რომელსაც აშშ დიდად აფასებს. ამერიკულმა მხარემ გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხში აშშ-ის სრული მხარდაჭერა, ასევე, დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.