ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთი–საქართველოს სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
თავდაპირველად, დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახურ მხარეს რამდენიმე დღის წინ ქალაქ აქტობეში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო მიუსამძიმრა.
ვიცე–პრემიერმა ყაზახეთს მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა და განაცხადა, რომ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატი იძლევა იმის საფუძველს, რომ ქვეყნებმა გამოცდილება და ინფორმაცია გაცვალონ და განსაზღვრონ თანამშრომლობის განვითარების ძირითადი მიმართულებები. მისი განცხადებით, მოლაპარაკება ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი იყო. მხარეები შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი იყო. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს შორის დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მიერ ყაზახეთის მიმართ არსებული საქართველოს ვალის საკითხზე მიღწეული შეთანხმება დაასახელა. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ დასარიცხი პროცენტების მექანიზმზე.
ასევე აღინიშნა, რომ სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიზნით ყაზახური მხარე ცვლილებების გატარებას გეგმავს, რათა მულტიმოდალური გადაზიდვების მიმართულებით აღნიშნული ტრანსკასპიური დერეფანი (საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით) პოტენციური გადამზიდავებისთვის კიდევ უფრო კონკურენტული და მიმზიდველი იყოს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისკენ, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისკენ, ბიზნეს–გარემოს გამარტივება–ხელშეწყობისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ.
ვიცე–პრემიერის განცხადებით, რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, 2015 წელს მშპ–ს ზრდამ 2.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2017–2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 21 სახელმწიფოს შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე იქნება.
ვიცე–პრემიერის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნულ შეთანხმებას შეუძლია შექმნას ხელსაყრელი პირობები ყაზახური ბიზნესისთვისაც, რომელიც საქართველოში საქმიანობას გადაწყვეტს.
თავის გამოსვლაში, ვიცე–პრემიერმა დიდი ყურადღება დაუთმო საქართველოს მთავრობის რეფორმების 4–პუნქტიან გეგმას, რომლის ინიციატივითაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული რეფორმები მიმართულია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციისკენ.
„საქართველო მნიშვნელოვანი რეგიონალური ჰაბია ვაჭრობისა და ტრანზიტისათვის და საქართველოს მთავრობის მთავარ გამოწვევათა შორისაა ქვეყნის გარდაქმნა ლოგისტიკის რეგიონალურ ცენტრად,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით ტვირთების მიწოდება საქართველოს გავლით შეფერხებების გარეშე მოხდეს. ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას გეგმავს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ყაზახეთთან სავაჭრო–ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარებას. 2006–2015 წლებში ყაზახეთიდან საქართველოს ეკონომიკაში განხორციელდა 347 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რომელიც წარმოდგენილია ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებში. მათ შორის, საპორტო ინფრასტრუქტურაში. ასევე ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი რეზერვი არსებობს.
სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა პოზიტიურად შეაფასა თანამშრომლობის შედეგები ტურიზმის სფეროში. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოში ყაზახეთიდან ვიზიტორების რაოდენობა. 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 30 პროცენტით გაიზარდა.
კომისიის სხდომაზე, ასევე, მოხსენება გააკეთა ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა ასეტ ისეკეშევმა, საქართველოს ვიცე–პრემიერთან ერთად საქართველო–ყაზახეთის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეა.
ყაზახეთის მინისტრის შეფასებით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ეკონომიკის მოდერნიზაციის მიმართულებით, რაც სხვადასხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებშიც აისახა.
ასეტ ისეკეშევის განცხადებით, ცენტრალური აზიის რეგიონში. ყაზახეთი საქართველოს უმთავრესი სავაჭრო–ეკონომიკური პარტნიორია. მისი თქმით, კომისიამ განსაზღვრა ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა შორისაა, ინვესტიციები, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვა. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე. მისი თქმით, ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანია ტრანსკასპიური სატრანზიტო დერეფნის განვითარება, რომელიც გულისხმობს ჩინეთისა და ევროპის ბაზრების დაახლოებას. საქართველო ასევე მონაწილეობს აღნიშნულ დერეფანში.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი იყო საპილოტე საკონტეინერო მატარებლების გაშვება ევროპაში ჩინეთიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
კომისიის სხდომა ოქმის გაფორმებით დასრულდა. დოკუმენტში ჩაიწერა ის ძირითადი მიმართულებები, რომელთაც ქვეყნები სამომავლოდ განახორციელებენ.
ოქმს ხელი მოაწერეს მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეებმა, საქართველოს ვიცე–პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა ასეტ ისეკეშევმა.
კომისიის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და ყაზახეთის სავაჭრო სამრეწველო პალატებს შორის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მორიგი ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური კომისია 2017 წელს თბილისში ჩატარდება.
დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთი–საქართველოს სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
10/06/2016