2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის პირველი კვარტალში ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობ 103%-ითაა გაზრდილი. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ციფრები აჩვენებს, რომ ბიზნესი არის კეთილგანწყობილი, ბიზნესის აღქმა ძალიან სწორი და დადებითია.
„წინა წელთან შედარებით, პირველი კვარტლის მონაცემებით, ინვესტიციები 103%-ით არის გაზრდილი. პირველ კვარტალში ქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა რომ, ჩვენ პრაქტიკულად ვიმყოფებით საარჩევნო პერიოდში, ციფრები აჩვენებს, რომ ბიზნესი არის კეთილგანწყობილი, ბიზნესის აღქმა არის ძალიან სწორი და დადებითი. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შესაბამისად, წლევანდელ წელს ჩვენ გვექნება ძალიან კარგი მონაცემები. ამ ყველაფრის დამადასტურებელი, რა თქმა უნდა, პირველი კვარტლის ინვესტიციებია, რომელიც 2008 წლის მერე ყველაზე დიდი რიცხვია”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.