”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს

08/06/2016

”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ”ქართული ოცნების” ოფისში რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ საპასუხისმგებლო მისიას. დღეიდან ვიწყებთ აქტიურ მზადებას არჩევნებისთვის, რომელშიც „ქართული ოცნება“ მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ, სამართლიან მშვიდობიან გარემოში. ამ არჩევნებით საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახებთ, რომ დემოკრატიული პროცესები საქართველოში შეუქცევადია”, – განაცხადა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას დღეს ხელი მოაწერა. განკარგულებები, როგორც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.განკარგულების კონტრასიგნაციის საკითხი მთავრობამ 6 ივნისის სხდომაზე განიხილა და პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი მოიწონა.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან კი ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. როგორც კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე ბრძანებას მოეწერება ხელი, ამოქმედდება აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.
ამასთან, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არჩევნებამდე 4 თვით ადრე – 8 ივნისიდან გადავიდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0