ხარაგაული-ღორეშა-უბისის საავტომობილო გზა, რომელიც მუნიციპალიტეტის ცენტრს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო გზასთან აკავშირებს მუნიციპალიტეტის ხუთ ტერიტორიულ ერთეულზე გადის სრულად რეაბილიტირდება. გზის სიგრძე 21 კილომეტრია.
ამჟამად ხარაგაულში აღნიშნული საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, ხარაგაულიდან ბაზალეთის მიმართულებით მოასფალტდა 3 კილომეტრიან მონაკვეთი, ხოლო უბისიდან ღორეშის ადმინისტრაციულ ცენტრამდე 6.5 კილომეტრიანი მონაკვეთიდან ერთ კილომეტრს მუნიციპალური განვითარების ფონდი,უბისის ტაძრის მიმდებარედ, ტურისტული იფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტის ფარგლებში მოაწესრიგებს. დარჩენილ 5. 5 კმ გზისრეაბილიტაცია კი უახლოეს დღეებში დაიწყება, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან უკვე დაფინანსებულია.
ამგვარად, ხარაგაული-ღორეშა-უბისის 21 კმ. გზის შუა ნაწილში რჩება მძიმედ დაზიანებული და ამორტიზებული დაახლოებით, 11 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც სოფელ სარგვეშის ტერიტორიაზე გადის. ცოტა ხნის წინ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალური წერილით მიმართა. ახლახანს კობა ლურსმანაშვილისგან მიღებული ინფორმაციით ფონდში წარდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად,საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით, აღნიშნული 11 კმ. მონაკვეთის მოსაბეტონებლად ტენდერის გამოცხადებისთვის მოსამზადებელი სამუშაოებიუკვე მიმდინარეობს.
„21 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია სტიმულს მისცემს მოსახლეობას მცირე მეწარმეობისა და ფერმერული მეურნეობის განვითარებისთის, ასევე ხელს შეუწყობს ტურისტულ აქტივობების გაზრდას ხარაგაულში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ხარაგაული, 21 კილომეტრიანი, სრულად რეაბილიტირებული, მოწესრიგებული, ალტერნატიული გზით დაუკავშირდება ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს“- აღნიშნავს მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ადრე ეს გზა შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის იყო. გზის 21 კილომეტრიანი მონაკვეთით მუნიციპალიტეტის 28 000 მაცხოვრებელი ისარგებლებს.
ხარაგაული-ღორეშა-უბისის 21 კილმეტრიანი მონაკვეთი სრულად რეაბილიტირდება
08/06/2016