ძალიან ბევრი წევრი მთავრობაში ხათრით არის შერჩენილი

07/06/2016

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბევრი წევრი მთავრობაში „ხათრით არის შერჩენილი“. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან, „ტექნოპარკში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, 10-15 წელიწადში შეიძლება ჩავდგეთ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების რიგში.

„მოთმინება უნდა ვიქონიოთ. მე არ ვითხოვ იმას, რომ მთავრობას დაველოდოთ და ვაპატიოთ. არაფერი უნდა ვაპატიოთ თუ შეცდომები აქვს, ოღონდ სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ“, – დასძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან რთულია დემოკრატიულ ღირებულებებზე ესაუბრო ადამიანს, რომელიც ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრობს.

„მაგრამ, ეს კვირიკაშვილს ხომ არ უნდა მივაწეროთ ან დღევანდელ მთავრობას დავაბრალოთ და დავუწყოთ მას ჭიდაობა? – ვისაც არ მოეწყინება დღეს, ნებისმიერ ბრუნვაში აკრიტიკებენ, ლანძღავენ და მთავრობის ძალიან ბევრი წევრი ხათრით არის იქ შერჩენილი, რომ იცოდეთ და მხოლოდ იმ ენთუზიაზმით, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს. წინა ხელისუფლებას რომ მოეგო არჩევნები, დღეს იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი. იმ მოდელით რომ გაგრძელებულიყო მმართველობა, დღეს პენსიები ვეღარ დარიგდებოდა, ხელფასებს ვეღარ გადაუხდიდნენ საჯარო მოხელეებს – ამაზე შემიძლია ვესაუბრო სპეციალისტებს რამდენიც გინდათ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოს რეგიონში ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდა აქვს და მთავრობა, რომელსაც უნიათოს ეძახიან, ეფექტიანობით და გამჭვირვალობით იტალიას, ესპანეთს, ესტონეთს, ლიტვას, ლატვიას და ევროპის სხვა ქვეყნებს უსწრებს.

„გაცილებით მეტი კეთდება, ვიდრე კეთდებოდა. მაგრამ 3-4 წელიწადში ვერ გააკეთებ 15 წლის გასაკეთებელს. რაც მთავარია, გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება“, – დასძინა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0