მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 13 გადამხდელს მიენიჭა.
როგორც ცნობილია, მაღალმთიან რეგიონებში, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, მოქმედებს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლების საწარმოებისთვის.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, უკვე 50-მა კომპანიამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით. „აღნიშნული კომპანიების მიმართ უკვე დაიწყება კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, რათა, რაც შეიძლება მეტი საწარმო დაფუძნდეს მაღალმთიან რეგიონებში და მათ მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ეს შეღავათები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმოების საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორებიცაა: ავეჯის წარმოება, მშენებლობა, ღვინის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოება, რძის გადამამუშავებელი და ყველის წარმოება, პურ-ფუნთუშეულის წარმოება და რეალიზაცია, მეფრინველეობა, რკინა-ბეტონის, ბოსტნეული კულტურების წარმოება და სხვა.
აღნიშნული სტატუსის მოპოვების შემდეგ, 10 წლის ვადით, იურიდიული პირები თავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადისგან, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირები თავისუფლდებიან ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან.
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად, მეწარმე სუბიექტმა (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი) განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) უნდა მიმართოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახური განცხადებას, მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.
საბოლოოდ, მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე: http://mof.ge/4919
მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით უკვე 50 გადამხდელი სარგებლობს
07/06/2016