დღეს, სოფელ იმირში, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური აღმოჩენები მოინახულეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ასოციაცია „ქართული ღვინის“, სოფლის მეუროების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
არქეოლოგიური ძეგლის მონახულების მიზანს, ადგილზე სამუზეუმო სივრცის მოწყობის განსახორციელებლად, შესაბამისი არქიტექტურული კონცეფციისა და საჭირო ღონისძიებების გატარებების გეგმების განხილვა წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ადგილზე არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს.
სამუშაოების შედეგად გამოვლენილია საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა. აღმოჩენილი მასალის დამუშავება და პალეო-ბოტანიკური კვლევა კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის შესახებ.
აღმოსავლეთ საქართველოს ნეოლითური ხანის ძეგლების არქეოლოგიური კვლევით დგინდება, რომ ამ პერიოდში საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე. იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა და ცხოველების მოშინაურების პროცესი.
2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა’’, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საველე-არქეოლოგიური გათხრები ნეოლითური ხანის ნასოფლარზე – გადაჭრილ გორაზე და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ინტერდისციპლინარული კვლევა.
ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე. პროექტის მენეჯერია ლევან დავითაშვილი, პროექტის კორდინატორია დავით მაღრაძე. ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი მინდია ჯალაბაძე.
წელს პროექტში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამის მონაწილე სტუდენტები. პროგრამის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მისი შემსწავლელი მეცნიერების – საქართველოს ისტორიისა და ისტორიული დისციპლინების – არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, პალეობოტანიკის პოპულარიზაცია. პროგრამა მიმდინარეობს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
არქეოლოგიური აღმოჩენა – უძველესი მეღვინეობის კერა საქართველოში
06/06/2016