დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ახალი პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ დააფუძნა. როგორც მეჭიაურმა დღეს გუნდის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცესკოში განაცხადი მისი პარტიის დარეგისტრირებაზე უკვე შევიდა. პარტია უახლოეს მომავალში ყრილობის გამართვას გეგმავს და ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.
მისი თქმით, მისი პარტიის მთავარი პრინციპი იქნება ის, რომ არ იქნება დამოკიდებული არც ერთი ქვეყნის ჩარევაზე არც დასავლეთიდან და არც ჩრდილოეთიდან. მეჭიაურის თქმით, პარტიის მთავარი მიზანი იქნება სამართლიანობის აღდგენა, ქვეყნის გაერთიანება, ტრადიციების შენარჩუნება.
„ვითანამშრომლებთ ყველა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთანაც“, – აღნიშნა მეჭიაურმა.
რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, მეჭიაურის თქმით, დაფინანსების წყაროები იქნებიან ადგილობრივი ბიზნესმენები, რომლებიც სავარაუდოდ თავ-თავიანთ რეგიონებს მიხედავენ, თუმცა დეპუტატმა მათი დასახელებისგან ამ დროისთვის თავი შეიკავა.
რაც შეეხება სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, თამაზ მეჭიაური ამას არ გამორიცხავს, თუმცა ამ ეტაპზე არ სურს საუბარი, თუ ვისთან შეიძლება ითანამშრომლოს ახლად შექმნილმა პარტიამ.
„ვიქნებით ამ ხელისუფლების ოპოზიცია ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, ასევე სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს დესტაბილიზაციის საფრთხე მომავალ არჩევნებზე იმის გათვალისწინებით, თუ რაც მოხდა კორცხელში, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი დადის დაუსჯელი. სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც სხვა ადამიანებს ცხოვრება გაუმწარეს“, – განაცხადა მეჭიაურმა.
გაამართლა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“, მეჭიაური განაცხადა, რომ არის საკითხები, რაშიც “ქართულმა ოცნებამ” გაამართლა, თუმცა არის საკითხები, რაშიც ვერ გაამართლა. რაც შეეხება ექსპრემიერს ბიძინა ივანიშვილს, თამაზ მეჭიაურის თქმით, ივანიშვილი მისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული იყო.
„ბიძინამ რასაკვირველია, იცოდა, ვინაიდან მე ზურგს უკან არასდროს არაფერს ვაკეთებ და ზოგიერთი პარტიიდან წასულის მსგავსად ლანძღვას არ დავუწყებ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ივანიშვილს ძალიან უყვარს ეს ქვეყანა და ჩვენც ისეთი პარტია ვართ, რომ ეს ქვეყანა გვიყვარს და მის კეთილდღეობაზე ვზრუნავთ. სწორედ ეს გვაქვს საერთო ყოფილ პრემიერთან“, – აღნიშნა მეჭიაურმა.