ვიცე-პრემიერმა მცხეთაში თავის ჩინელ კოლეგას უმასპინძლა

05/06/2016

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მცხეთაში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს ჭანგ გაოლის უმასპინძლა. ჩინეთის ვიცე-პრემიერმა დუგლაძეების ღვინის კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინოები დააგემოვნა, რომელიც ჩინეთის ბარაზე გადის. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ჩინური მხარე მზადაა, ხელი შეუწყოს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, რაც ექსპორტის მაჩვენებელს გაზრდის.
ჩინეთის დელეგაცია, ვიცე-პრემიერ ჭანგ გაოლის ხელმძღვანელობით, უკვე მესამე დღეა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორ მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის, მათ შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაჩქარების შესახებ.
ჩინეთის მხარესთან გაფორმებული შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს ვაჭრობის ხელშემწყობი დელეგაციების ვიზიტების ორგანიზებას, საწარმოებისთვის ბიზნეს შესაძლებლობების მოძიებაში დახმარების გაწევას.ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას ღონისძიებათა ერთობლივად ორგანიზების გზით და განათავსებს ქართულ ვებ-პორტალს ჩინეთში იმპორტის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილ ჩინურ ვებგვერდზე (www.import.org.cn), რომლის მიზანია ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის პლატფორმის შექმნა და ქართული პროდუქციის, განსაკუთრებით საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა მიერ დამზადებული პროდუქციის შესახებ ჩინეთის საწარმოებისა და მომხმარებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
ჭანგ გაოლი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0