დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა ორგანიზაციების “სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ და “OXFAM საქართველოს“ ერთობლივი ინიციატივით განხორციელებული სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების წარდგენა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა მოინახულეს მუნიციპალიტეტში დაფინანსებული ახალი კოოპერატიული საწარმოები. სოფელ ბულაჩაურში კოოპერატივ “ჯორჯიან აგრო- ექსპორტ გრუპის“ ორი სასათბურე მეურნეობა, რომლებიც ბიოლოგიურად სუფთა მარწყვისა და პომიდვრის მოყვანას ითვალისწინებს, სოფელ ხანდოში კოოპერატივ “სომეჯი“-ს მიერ შექმნილი ხილისა და კენკრის შეგროვება – გაშრობა – გადამუშავების საწარმო, სოფელ მაღაროსკარში ახლადდაწყებული პროექტი კოოპერატიული საწარმო „ფუტკრის სახლი ფშავში“.
კოოპერატივების წევრებს საშუალება ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ ხელმძღვანელ პირებს და ესაუბრათ მათი საწარმოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. პრობლემები ძირითადად ეხებოდა გაზიფიცირებისა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ხანგრძლივი ვადით იჯარით აღების საკითხებს. გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ და გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა მეწარმებს მოკლე ვადებში მაქსიმალური მხარდაჭერის პირობა მისცეს.
შეხვედრა შედგა ადგილობრივ მოსახლეობასთანაც, სადაც არაერთი საჭირბოროტო საკითხი განიხილეს.
ახალი მცირე საწარმოები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში
04/06/2016