ალექსანდრე ბარამიძე „GRECO“-ს მისიის წევრებს შეხვდა

02/06/2016

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთა ჯგუფის შემფასებელი მისიის (GRECO) წევრებთან შეხვედრა გამართა. ექსპერტების ვიზიტის მიზანი ქართული კანონმდებლობის ანალიზი და ანტიკორუფციულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის მონიტორინგია.
შეფასების მისიასთან ალექსანდრე ბარამიძემ სასამართლო რეფორმის შესახებ ისაუბრა და ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს, თუ რა კეთდება საქართველოში დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის, მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში. ისაუბრეს პროკურატურის რეფორმაზეც.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთა ჯგუფის შემფასებელ მისიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი მასპინძლობს, რომელიც, ამავე დროს, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოცაა. მისიამ 2012 წელს სახელმწიფოთა შეფასების მეოთხე რაუნდი დაიწყო, რომელიც გულისხმობს კორუფციის შეფასებას პარლამენტის წევრებთან, მოსამართლეებსა და პროკურორებთან მიმართებით. საბოლოო დოკუმენტის მომზადებამდე შეფასების მისია საქართველოს კორუფციის კუთხით არსებული ვითარების გასაცნობად ეწვია. ვიზიტი ოთხ დღეს გასტანს. „GRECO“-ს ექსპერტები შეხვდებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაგეგმილია შეხვედრები მთავარ პროკურატურაში, აგრეთვე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში შექმნილ კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფს (GRECO) 1999 წელს შეუერთდა. „GRECO“-ს მთავარი მიზანი წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზი და ანტიკორუფციულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის მონიტორინგია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0