რუსთავში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრისა’’ და ,,ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის’’ ორგანიზებით სადღესასწაულო კონცერტი კულტურისა და დასვენების პარკში დილიდან დაიწყო. ღია კინოთეატრის სცენაზე გაიმართა კონცერტი, რომელშიც თანამედროვე და საესტრადო ცეკვის ანსამბლი ,,ცხელი სოკოლადი’’, საბავშვო ბაგა-ბაღების, სამუსიკო სკოლებისა და სტუდიების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. პარკის ტერიტორიაზე ჩატარდა საბავშვო სპექტაკლის ჩვენება, ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ველორბოლა, მოეწყო საბავშვო წიგნების გამოფენა, სკეიტ პარკში გაიმართა სკეიტშოუ. ბავშვთა დაცვის დღე რუსთაველ პატარებს ანიმაციური ფილმების პერსონაჟების ფორმებში გამოწყობილ ანიმატორებთან ერთად მხატვარმა და კარიკატურისტმა ზაალ სულაკაურმაც მიულოცა.
ბავშვთა დაცვის დღე პატარებს პირადად მიულოცეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელმა სოფიკო ჯიქიამ, ქალაქის საკრებულოს წევრებმა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა,1950 წლიდან კი, ყოველწლიურად,1ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე რუსთავში
01/06/2016