მხოლოდ გამოუსწორებელ ოპტიმისტს შეიძლება სჯეროდეს, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდება, – ასე აფასებს თამაზ მეჭიაური ბიძინა ივანიშვილის წერილის იმ ნაწილს, სადაც ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზეა საუბარი. მეჭიაური მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში ივანიშვილი ამერიკის გავლენის ქვეშ არის მოქცეული.
”მიმაჩნია, რომ ზედმეტად გავლენის ქვეშ არის მოქცეული დასავლეთის მხრიდან, კერძოდ, ამერიკისგან და ამ ილუზიებით აპირებს ”ქართული ოცნება” გაავრცელოს საქმიანობა. ეს ეხება ევროატლანტიკურ არჩევანს, რომლის იმედიც გვქონოდა, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო დაგვიმტკიცა და მხოლოდ გამოუსწორებელ ოპტიმისტს შეიძლება ჯეროდეს, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდება”, – განაცხადა მეჭიაურმა.
მისივე თქმით, საქართველოს მიერ არჩეული კურსის სისწორეში ბიძინა ივანიშვილს არ ეთანხმება.
”მე კატეგორიულად ვერ ვეთანხმები იმ კურსის სისწორეში ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აირჩია ”ქართულმა ოცნებამ”. მიუხედავად იმ წარუმატებული ნაბიჯებისა და არაადეკვატური გამოხმაურებებისა, ჩვენ მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატო-ს წევრი. ბიძინა ივანიშვილი თავისივე განცხადებაში ეწინააღმდეგება ამ რწმენას. ის ამბობს – უახლოეს ხანში ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება არ იგეგმებაო. ჩვენ ვალდებულებები შევასრულეთ, თუმცა ხან კოსოვოს მიგვაბეს, ხან უკრაინას, ხან თურქეთს და ამ დრომდე არ მომხდარა ვიზალიბერალიზაცია. ბიძინა ივანიშვილს ალბათ უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, რომ მიუხედავად ჩვენს მიერ შესრულებული ვალდებულებებისა, ევროკავშირში ჩვენი მიღების საკითხი არც თუ ისე ახლო მომავალშია დაგეგმილი. ამ ფონზე, როცა გაცილებით მეტი პრობლემები ჰქონდა ნატო-ში გაწევრიანებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან შედარებით, ნატო-სთან მიმართებაში უფრო ოპტიმისტურ განაცხადს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. თუმცა, მე ვერ ვნახე დასაბუთება, რომელიც ჩემს გადაწყვეტილებაში დამაეჭვებდა”, – განაცხადა მეჭიაურმა.