ბიძინა ივანიშვილთან სამი წელი ვიმუშავე და მისი აზრების წინასწარი წაკითხვის მცდელობა უპერსპექტივოა

27/05/2016

ბიძინა ივანიშვილთან სამი წელი ვიმუშავე და მისი აზრების წინასწარი წაკითხვის მცდელობა უპერსპექტივოა, – ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რას ელოდება ბიძინა ივანიშვილის ღია წერილისგან. აღნიშნულ საკითხს მთავრობის სხვა წევრებიც გამოეხმაურნენ. უფრო კონკრეტულად, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში მთავრობის მიერ გასულ წლებში გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე განხორციელებულ პროექტებს შეაფასებს, თუმცა, ჯანელიძის თქმით, ”წერილზე შეფასების წინასწარ გაკეთება უჭირს”.
რაც შეეხება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს, მისი თქმით, უნდა დაველოდოთ შეხვედრის დასრულებას და შეფასებები მერე გავაკეთოთ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წერილს, რომელშიც ”ქართული ოცნების” გასული 4-წლიანი საქმიანობის შეჯამებას და სამომავლო გეგმებზე საუბარს გეგმავს, 30 მაისს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ განუცხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0