გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე ახალ, N35-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ხვალიდან დაიწყება.
დაწესებულება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე. ასევე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
№35 საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ ბაღებიდან, რომლებიც 2015 წელს, განსაკუთრებით გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით აშენდა. ბაღი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო და აღიჭურვა. სასწავლო დაწესებულება სხვა ბაღებიდან გადმოყვანილი კვალიფიციური პერსონალით და საკადრო რეზერვის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის გზით შერჩეული კადრებით დაკომპლექტდა. ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი კი ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე შემოსული ელექტრონული განაცხადებიდან შეირჩა. ამ დროისთვის, 2-3 წლიანთა ჯგუფის გარდა, რამდენიმე ათეული თავისუფალი ადგილია დარჩენილი. ბაღი 350 ბავშვზეა გათვლილი.
„ეს არის თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი. აქ ყველაფერი, სათამაშო ოთახი, სამზარეულო, საძინებელი, მაღალი სტანდარტით არის მოწყობილი. ეს იმ 7 -დან ერთ-ერთი დაწესებულებაა, რომლის მშენებლობაც დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ. წელს, ასევე, 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ეყრება საფუძველი. გარდა ამისა, მზადდება კიდევ 13 პროექტი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისში, მიმდინარე წელს, კიდევ 5 ახალი საბავშვო საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება. მათ შორის, ზემო ფონიჭალაში, წინა წლებში დახურული #206 ბაღი, რომელიც ფუნქციონირებას მომავალ კვირაში დაიწყებს.
2016 წელს დედაქალაქში კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.
გლდანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
23/05/2016