მანანა კობახიძე ვარაუდობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სამეგრელოში განვითარებული მოვლენები კონკრეტული მიზნებისთვის, ევროპელ კოლეგებისთვის წაქცეული თუ ნაცემი ბოკერია-მელიას ფოტოების ასაფრიალებლად, სჭირდება.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვიმყოფები კონკრეტული მიზეზით-ხვალ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა იმართება პარიზში, სადაც საქართველოს თემაზე მომხსენებლებს მოვუსმენ და ხელისუფლების პოზიციებსაც გავაცნობ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არაერთ საკითხზე, ცხადია ყურადღებით ვადევნებ თვალს სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროვოკაცია ნაციონალურ მოძრაობას სჭირდებოდა იმისთვისაც, რომ ხვალინდელ სხდომაზე აქ, ევროპელ კოლეგებს წაქცეული თუ ნაცემი ბოკერია-მელიას ფოტოები აუფრიალონ და საარჩევნო პროცესის და მთლიანად ხელისუფლების დისკრედიტაცია კიდევ ერთხელ სცადონ, რასაც ვერ მიაღწევენ!” – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იქვე პასუხისმგბელობას ხელისუფლებასაც აკისრებს და პოლიციისგან დანაშაულის წინააღმდეგ კანონიერ ქმედებებს მოითხოვს.
“დაბეჯითებით მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებაში ახლა ჩვენ ვართ და განცხადებებით ვერ შემოვიფარგლებით, თუ კანონი დაირღვა, პროვოკაცია დაიგეგმა, განხორციელდა თუ კიდევ იგეგმება, არ ვიცი, პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას! საარჩევნო პროცესისთვის, ხმის მიცემისთვის ხელშეშლა, ამომრჩეველზე ზეწოლა, უბნებზე წესრიგის დარღვევა, ძალადობა, ცემა – დანაშაულია და სწორედ, სამართალდამცავი ორგანოებისგან, პოლიციისგან მოვითხოვ შესაბამის და დროულ რეაგირებას, თუ ვინმე ქვას ისვრის, განცხადებით კი არა კანონით უნდა ვუპასუხოთ! ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს ძალადობა ამ ქვეყანაში და ამისთვის კონკრეტული მოქმედება და დანაშაულის აღკვეთაა საჭირო, ვინც არ უნდა ჩაიდინოს ის!” – წერს კობახიძე.