საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ზაალ მამალაძესთან ერთად, ჩოხატაურში სოფელ ზემო ფარცხმაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ოფიცრის, კაპიტან მერაბ ახობაძის ოჯახს ესტუმრა. მინისტრმა გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, სიმბოლურად საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.
თავდაცვის მინისტრთან ერთად დაღუპული გმირის ოჯახში ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე.
მოგვიანებით თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაბა ჩოხატაურის ხიდს აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირის სახელი მიანიჭა და მემორიალური დაფა გახსნა.
კაპიტანი მერაბ ახობაძე 1979 წლის 7 ნოემბერს ჩოხატაურში დაიბადა. 1997 წელს დაამთავრა ჩოხატაურის N1 საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში გააგრძელა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს კაპიტანი მერაბ ახობაძე IV ქვეითი ბრიგადის 41-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის S-3-ის ასისტენტად მსახურობდა. მერაბ ახობაძეს მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი დარჩა.
ჩოხატაურში ხიდს გმირულად დაღუპული ოფიცრის სახელი მიენიჭა
23/05/2016