საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში სტუმრად მყოფ აშშ-ის საზღვაო ქვეითების ომის კოლეჯის მსმენელთა დელეგაციას შეხვდა.
დავით ჯალაღანიამ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისთვის და მიაწოდა ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული აქტივობების შესახებ.
აშშ-ის მხარის ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, ასევე, საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, უსაფრთხოების პრობლემებსა და გამოწვევებს, რუსეთის მხრიდან განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს პოზიციას რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრისას დავით ჯალაღანიამ ასევე მიმოიხილა საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის როლისა და ფუნქციის პერსპექტივები, მათ შორის, ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის ჭრილში.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სხვადასხვა სამხედრო კოლეჯის დელეგაციები პერიოდულად სტუმრობენ საქართველოს ადგილზე არსებული სიტუაციის გაცნობისა და საქართველოს განვითარების სამომავლო პერსპექტივების შესწავლის მიზნით.
დავით ჯალაღანია აშშ-ის საზღვაო ქვეითების ომის კოლეჯის დელეგაციას შეხვდა
19/05/2016