19 მაისს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში გუბერნატორთან და გუბერნატორის მოადგილეებთან ერთად რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და ქალაქ ამბროლაურის მერიის ხელმძღვანელები შედიან.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება კი 2016 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს დაეთმო. გუბერნატორმა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობაზე ინფორმაციები უშუალოდ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან მოისმინა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 322 142 ლარის ღირებულების 91 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მათ შორის სასმელი წყლებისა და საკანალიზაციო სისტემების, ნაპირსამაგრების, გზების, კულტურული და საგანმანათლებლო შენობების, საბავშვო ბაღების და სკვერების რეაბილიტაციის პროექტები.
საინვესტიციო პროექტების გარდა თათბირზე განხილულ იქნა ბიუჯეტების შესრულება მუნიციპალიტეტებში, საგაზაფხულო ხვნა–თესვის სამუშაოების მიმდინარეობა, სოციალური ჭრის ფარგლებში მოსახლეობის შეშით და პირველი ხარისხის ხე–ტყით უზრუნველყოფისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები და სხვა…
გუბერნატორმა მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმაზეც ისაუბრა, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას და სამუშაო ადგილების შექმნას; ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებულ განათლების რეფორმას, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და მმართველობის ისეთ რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებების ეფექტიანობას და მეტ გამჭვირვალობას.