მინისტრმა N14 დაწესებულების მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერა

19/05/2016

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N14 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარეობს, ვიზუალურ-ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა.

ცენტრი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერა და ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნო.

კახა კახიშვილის განცხადებით, ცენტრი თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. მისი მოწყობის მიზანი დაწესებულებაში ელექტრონული მონიტორინგის განხორციელებაა. დაწესებულების კონტროლი სწორედ აღნიშნული ცენტრიდან, დაწესებულების ტერიტორიაზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ტექნიკის მეშვეობით ხორციელდება. აქამდე, გეგუთის დაწესებულებაში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა არ არსებობდა. ცენტრი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

„გეგუთის დაწესებულებაში მონიტორინგის ცენტრი გავხსენით. ფაქტობრივად, აღნიშნული სისტემით დაწესებულების თითოეულ კვადრატულ მეტრს ვაკონტროლებთ. ვიდეოგამოსახულება ჩანს როგორც გეგუთის დაწესებულების ცენტრში, ასევე, სიგნალი პირდაპირ სამინისტროს მიეწოდება, რითაც ორმაგი კონტროლის მექანიზმია უზრუნველყოფილი შესაბამისი სამსახურების მიერ. აღსანიშნავია, რომ გეგუთის დაწესებულება პირველად აღიჭურვა ციფრული, ძალიან მაღალი ხარისხის ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. არ დარჩა დაწესებულება, რომელიც მსგავსი სისტემით არ არის აღჭურვილი. ჩანაწერები ინახება. მართვის პულტები უმაღლესი ხარისხისაა, ასევე, უმაღლესი ხარისხისაა ჩვენება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა N14 დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის მაღაზია, გრძელვადიანი პაემნების ოთახები, ახლადრეაბილიტირებული სამზარეულო და სამედიცინო ნაწილი დაათვალიერა, რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მინისტრი მსჯავრდებულებსაც გაესაუბრა.

მასშტაბური რეფორმის ფარგლებში პენიტენციური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს პროექტების განხორციელებას, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის, ისე ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0