გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტფორუმი 2016“ ქუთაისის მერთან და იმერეთის გუბერნატორთან ერთად გახსნა. გიორგი მარგველაშვილმა დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში მოწყობილ გამოფენაზე ურბანული პეიზაჟის თემატიკაზე ფრანგი, ლიტველი, ლატვიელი, რუსი, ბერძენი, თურქი და ქართველი შემოქმედების მიერ წარმოდგენილი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და ინსტალაციები დაათვალიერა. საქართველოს პრეზიდენტმა არტფორუმის მონაწილეებს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქუთაისი ასწლეულების და ათწლეულების განმავლობაში იყო ქართული სულიერების, ქართული კულტურის, ქართული ხელოვნების ერთერთი მთავარი ადგილი, ამიტომ ამგვარი აქტივობები იმერეთში სრულიად ბუნებრივია.
„სწორედ აქედან მოდიოდა ის ემოცია, რაც მერე მნიშვნელოვანი ხდებოდა მთელი საქართველოსთვის. აქედან, ისევე როგორც საქართველოს ბევრი სხვა რეგიონიდან იბადებოდა ის რამაც შემდეგ ჩვენ გაგვხადა ქართველები და გაგვააზრებინა ჩვენი თავი, ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა.
მე მივესალმები ერთიან ქართულ კულტურულ პროცესში საქართველოს რეგიონების ხატოვან და შემოქმედებით ჩართვას და მიხარია, რომ დღეს ვარ ქუთაისში და ასეთ მშვენიერ შემოქმედებით განწყობას გავიზიარებ ქუთაისლებთან და ქუთაისის სტუმრებთან ერთად“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ქარავან არტფორუმი 2016” ქუთაისში პირველად იმართება და 20 მაისამდე გაგრძელდება.
ქუთაისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტფორუმი 2016“ გაიმართა
17/05/2016