გია ვოლსკის დღევანდელი განცხადება კვლავ მიანიშნებს იმაზე, რომ ვეტოს არსი არ არის სათანადოდ გააზრებული და ვეტო კვლავ აღიქმება პოლიტიკური ომის გამოცხადებად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განუცხადა, რითაც მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი პრეზიდენტი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს გამოიყენებს, ის დაიძლევა. როგორც კოჟორიძემ განმარტა, სინამდვილეში ვეტო არის ჩვეულებრივი, კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურა, სადაც პრეზიდენტი თავის შენიშვნებს ეუბნება პარლამენტს.
”ბატონმა ვოლსკიმ დღეს განაცხადა, რომ არ იცის, იქნება თუ არა ვეტო. ცხადია, არ წაუკითხავს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და წინასწარ, წაუკითხავად ამბობს, რომ ვეტო ცუდი იქნება და რომ ის, აუცილებლად დაიძლევა. მე ვისურვებდი, პარლამენტის წევრებმა ჯერ მოისმინონ, გაიგონ პრეზიდენტი იყენებს თუ არა ვეტოს, მერე წაიკითხონ ვეტოს დასაბუთება და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება”, – განაცხადა კოჟორიძემ.