გიორგი ბარამიძის მტკიცებით, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტმა რეგლამენტის უხეში დარღვევით მიიღო, რაზეც რეაგირება უნდა მოხდეს. როგორც ბარამიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რეაგირების მოთხოვნით, მათ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართეს. ამ კონტექსტში ბარამიძემ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ კანონპროექტის განხილვა მოხდა ნაჩქარევად, ღამით ჩატარებულ სხდომაზე.
„დავით უსუფაშვილს იმედი ჰქონდა, რომ ეს პარლამენტი უფრო კარგად იმუშავებდა. საპროცედურო დემოკრატიის მამათაც შერაცხეს ბატონი დავითი. მან საკმაოდ საინტერესო ლექციაც კი წაიკითხა ამასთან დაკავშირებით პარლამენტის მუშაობის დაწყებისას“, – აღნიშნა ბარამიძემ.
ბარამიძე ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებს და მასთან დაკავშირებულ პროცესს ”სამარცხვინოს” უწოდებს.