სჯობს ყველა ლიდერმა საკუთარ პარტიაში განიხილოს, ვინ დატოვოს პარტიაში და ვინ გაუშვას, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი “რესპუბლიკელი” დეპუტატის დავით ბერძენიშვილის რჩევას გიორგი კვირიკაშვილისადმი, თამაზ მეჭიაურის “ქართული ოცნებიდან” გარიცხვის შესახებ.
“რა თქმა უნდა, პრემიერს თავისი დამოუკიდებულება აქვს პარტიის ამა თუ იმ წევრის მიმართ. მან დღეს ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა – თამაზ მეჭიაურის განცხადებები უარყოფითად შეაფასა, გაემიჯნა მას და ხაზი გაუსვა, რომ რასაც მეჭიაური ამბობს, არ არის მთავრობისა და გუნდის ხედვა. რაც შეეხება დანარჩენს, დავით ბერძენიშვილმა საკუთარი პარტიის წევრების საკითხი უნდა გადაწყვიტოს”, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და ამ მიმართულებით გუნდი ერთიანია, თამაზ მეჭიაურის განცხადება კი, ერთი კონკრეტული დეპუტატის ინდივიდუალურ პოზიციად უნდა იყოს განხილული.
“რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, არ არის სახარბიელო, არ არის კარგი, როდესაც კონკრეტული დეპუტატის განცხადების შემდეგ ჩვენ გვიწევს კომენტარების კეთება და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რაც ნამდვილად გადაწყვეტილია, რაც არის ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე და რაც არის მართლა მნიშვნელოვანი და სტატეგიული ჩვენთვის. ამიტომ თემის ზედმეტად აჟიტირება საქმეს არ წაადგება. ჩვენ მეჭიაურის განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი, ინდივიდუალური დეპუტატის განცხადება, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გოგი თოფაძის განცხადება”, – აცხადებს კობახიძე.