ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებს ბატონი მეჭიაური და არა მხოლოდ ის

09/05/2016

დავით ბერძენიშვილის აზრით, მმართველი გუნდის წევრი თამაზ მეჭიაური პარტია “ქართული ოცნებიდან” უნდა გარიცხონ. როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეჭიაურის განცხადებების შემდეგ სწორედ ასე უნდა მოიქცეს პრემიერი კვირიკაშვილი, თუ მას “ქართული ოცნების” განახლების სურვილი აქვს.

“ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებს ბატონი მეჭიაური და არა მხოლოდ ის, მისი თანაპარტიელებიც და თანაფრაქციელებიც. პირველი შემთხვევა არ არის, როცა მეჭიაური გამოდის საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული კურსის წინააღმდეგ. ბატონმა მეჭიაურმა მყისიერად დაუჭირა მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რომელმაც რამდნეიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის “რესპუბლიკელი” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გააკრიტიკა. მეჭიაური ოპერატიულად გამოეხმაურა ლავროვს და საქართველოს თავდაცვის “რესპუბლიკელი” მინისტრი სამხედრო წვრთნებისთვის, რომელშიც ამერიკელებიც მონაწილეობენ, ძალიან მკვახედ, მკაფიოდ და სახიფათოდ გააკრიტიკა. პირველი შემთხვევა არაა, როცა მეჭიაური ანტირესპუბლიკურ და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს. ჯაჭვლიანმა დღეს მხარი დაუჭირა მეჭიაურს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დუმს რამდენიმე დღეა მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებულია. პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ანუ პარტია “ქართული ოცნების” ლიდერები, წამყვანი ფიგურები ამბობენ, რომ ეს თამაზ მეჭიაურის აზრია და მეჭიაურს ისინი არ ემიჯნებიან და პასუხს არ თხოვენ…
დღეს გამოეხმაურა ამ თემას პრემიერი კვირიკაშვილი და თქვა, რომ მეჭიაურის ხაზი არ არის “ქართული ოცნების” ხაზი, რაც გასაგებია და რომ ძალიან აკვირვებს და არ მოსწონს მისი “რესპუბლიკელი” მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება. “რესპუბლიკელმა” მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკრიტიკა ძალიან მოზომილად პარტია “ქართული ოცნება” და თქვა, რომ უკვირს, თუ რატომ დუმს “ქართული ოცნება”. კვირიკაშვილს თუ იმის სურვილი აქვს, რომ განაახლოს “ქართული ოცნება”, ის კი არ აუნდა ეფარებოდეს ან ფორმალურად კი არ ემიჯნებოდეს მეჭიაურს, არამედ მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს “ქართული ოცნებიდან”. თოფაძეც გარიცხული უნდა ყოფილიყო კოალიციიდან საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე შეტევისთვის და არა ხელგადასმული”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს მიმართა და მოუწოდა, “მეჭიაურები და ჯაჭვლიანები საკუთარი პარტიის რიგებიდან გაათავისუფლოს და ნუ იქნება მათი მძევალი”. გარდა ამისა, ბერძენიშვილმა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან საზოგადოებას მყისიერი პასუხი უნდა გასცეს, თუ როგორია მისი პოზიცია ნატოსთან მიმართებაში.

“მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს. როგორც მეჭიაური, ისე თოფაძე აცხადებენ, რომ ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის მეგობრები. საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს შეხედულება, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს აჟღერებენ. ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ნატო-ს მიმართ როგორია, ამაზე მან საზოგადოებას მყისიერი პასუხი უნდა გასცეს, რომ არ მიეცეს პროვოკაციების თუ სპეკულაციების საშუალება მის მიერ ხელდასმულ, მისი პატრონაჟით მოყოჩაღებულ თოფაძეს თუ მეჭიაურს. ეს რომ პატრონაჟია, არც ერთ მხარეს დაუმალავს და არც მეორეს. სანამ პარლამენტში მოვიდოდა საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, მეჭიაური ერთი უჩინარი დეპუტატი იყო. მისი ხმა არსად ისმოდა არც ამ მოწმვევის პარლამენტში და არც სხვა მოწვევების პარლამენტებში, სადაც ის ყოფილა”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0