დღეს, სამცხე-ჯავახეთში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს. სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქ ახალციხის მერიის თანამშრომლებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალი.
ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა ქალაქ ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ. მათ პატივსაცემად გაიმართა კონცერტი ახალციხის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ღონისძიების შემდეგ კი ომის მონაწილეებს საზეიმო სადილით გაუმასპინძლდნენ .
ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვეტერანებთან შეხვედრები გაიმართა მხარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მოეწყო საზეიმო სვლა ძმათა სასაფლაოებზე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცისა და ომში დაღუპულთა საფლავები, ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალები.
გარდა, საზეიმო ცერემონიალისა და სადილისა, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მათ ფულადი დახმარებაც გადასცა. ვეტერანებმა, ასევე მისალოცი ბარათები და ერთჯერადი ფულადი საჩუქარი მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისგან, მათ თავიანთ საპენსიო ანგარიშებზე ჩაერიცხებათ მთავრობის დახმარება – 600 ლარის ოდენობით, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახებს 300 ლარის ოდენობით.
ამჟამად, მხარეში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 78 ვეტერანი ცხოვრობს, მათ შორის 23- ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 6- ქალაქ ახალციხეში, 15 – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 5-ასპინძის მუნიციპალიტეტში, 17 ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 8- ადიგენის მუნიციპალიტეტში და 4 – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. სულ სამცხე-ჯავახეთიდან ომში 44 730 ადამიანი გაიწვიეს, 18 302 კი შინ აღარ დაბრუნებულა.
სამცხე-ჯავახეთში 9 მაისი იზეიმეს
09/05/2016