9 მაისს გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირთა მემორიალი მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს და ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს.
„მინდა მოვეფერო ჩვენს ძვირფასს ვეტერანებს, რომლებმაც ფაშიზმზე გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. აქვე აღვნიშნავ, რომ გერმანიის მხრიდან ეს იყო დანაშაულებრივი ომი და ქართველები სხვა ერებთან ერთად თავს სამართლიანად იცავდა. გულწრფელად გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლესა და წარმატებებს. ქვეყნის წინაშე უდაოდ დიდია თქვენი დამსახურება,“- ამ სიტყვებით მიულოცა გუბერნატორის მოადგილემ, გია ებრალიძემ ვეტერანებს 9 მაისი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარით, ხოლო მარჩენალდაკარგულთა ოჯახები 300 ლარით დასაჩუქრდნენ.
წელს ქალაქ ოზურგეთის მერიამ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვეტერანებს საჩუქრად 300-300 ლარი გადასცეს. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების გამგეობებმა კი 200-200 ლარი გადასცეს.
გურიაში სულ 43 ვეტერანი ცხოვრობს. ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად მათთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.
გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნა
09/05/2016